გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, იუნესკო-ს ექსპერტების დასკვნა ცნობილია, რომლის შესახებ, კულტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ეს დოკუმენტი გახდება ერთადერთი სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც, სამონასტრო კომპლექსში სამუშაოები გაგრძელდება. დასკვნის მიხედვით, იუნესკო-ს დოკუმენტი ადასტურებს, რომ პრობლემები ტაძარს არასწორი გადახურვის გამო შეექმნა. ხოლო სამუშაოებს, რომელიც შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად დაიგეგმა, იუნესკო დადებითად აფასებს – განაცხადა კულტურის მინისტრმა. მთავარი რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ იუნესკო-სგან მიიღო, ძეგლზე შეწყვეტილი საკონსერვაციო სამუშაოების გაგრძელებაა. სამოქმედო გეგმის შესადგენად, 17 თებერვალს გაიმართება სხდომა, რომელსაც მინისტრის თქმით, ყველა დაინტერესებული მხარე დაესწრება.
გელათის სამონასტრო კომპლექსზე სამუშაოები საქართველოს საპატრიარქოს მოთხოვნით, 2022 წლის დეკემბერში შეწყდა.