გელათში არსებული ვითარების განხილვა

საპატრიარქო გელათში არსებულ ვითარებას კრიტიკულად მიიჩნევს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კედლის მხატვრობის გადასარჩენად კონსერვაციაზე მომუშავე ჯგუფის კვალიფიციური ექსპერტებით ჩანაცვლებას ითხოვს. საუბარია იმ ჯგუფზე, რომელიც კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ დაკომპლექტდა. მთავარ პრობლემებად ჩატარებულ სამუშაოებზე მწირი დოკუმენტაციის არსებობა და კონსერვაციის დროს გამოყენებული ზოგიერთი მასალა და ტექნიკა სახელდება. საკუთარ შეფასებებში საპატრიარქო იუნესკოს, ასევე რამდენიმე საექსპერტო ანგარიშს ეყრდნობა, მათ შორის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრის იმ კრიტიკულ დასკვნას, რასაც წულუკიანის უწყებიდან საკმაოდ მძიმე რეაქცია მოჰყვა.

საპატრიარქოს ამ განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი 24 თებერვალს შეიკრიბება და მას საპატრიარქოს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.