უცხოელი სპეციალისტები გელათში

გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაცია თავიდან იწყება. პროექტის საპატრიარქოს მიერ გადაბარების შემდეგ, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს უცხოეთიდან ჩამოსული ექსპერტები სწავლობენ და პირველ ეტაპზე ჩასატარებელ სამუშაოებს გეგმავენ. იტალიელი სპეციალისტების შემდეგ, ადგილზე არსებულ სიტუაციას ამჯერად გერმანიიდან მოწვეული ექსპერტები გაეცნენ. მათი ამოცანაა, საძირკვლის და მთელი ტერიტორიის გათხრების გარეშე, თანამედროვე ტექნოლოგიებით კვლევა და შემდგომ გეოლოგიური დასკვნის მომზადებაა. სამომავლოდ შესასრულებელი სამუშაოების შედეგად ის ხარვეზები უნდა გამოსწორდეს, რომლებიც წლების განმავლობაში მიმდინარე რეაბილიტაცია-კონსერვაციის პროცესში გამოვლინდა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ღვთისმშობლის ტაძრის კედლის მხატვრობას შეექმნა, რომელიც არასწორი გადახურვის შედეგად გაჟონილმა წყალმა დააზიანა.