სოფელ ითხვისის მოსახლეობა, რომელმაც დღეს საპროტესტო აქცია გამართა, ჭიათურის მერს, გივი მოდებაძეს შეხვდა. მათ მერისგან მიიღეს დაპირება, რომ უწყებათაშორის კომისიასთან შეხვედრას უზრუნველყოფენ. საკითხი ეხება 106 ოჯახს, რომელიც აპრილში მომხდარი სტიქიის შემდეგ, უწყებათაშორისმა კომისიამ შეამოწმა და ათეულობით მათგანის შემთხვევაში განსახლების რეკომენდაცია გასცა. კომისიის დასკვნის მიხედვით, ტერიტორია საცხოვრებლად საფრთხის შემცველია, დაზიანებები კი სტიქიამ გამოიწვია. სწორედ დასკვნის ამ ნაწილს აპროტესტებს მოსახლეობა და ამბობს, რომ მათი სახლების დაზიანებისა და მიწის ჩავარდნის მიზეზი, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული მოპოვებითი სამუშაოები გახდა. ირკვევა, რომ სახელმწიფომ 20 ოჯახი უკვე ქირით გაიყვანა, ახლა კი რიგს 34 ოჯახი ელოდება. რაც შეეხება საკუთრებაში ალტერნატიული ფართის გადაცემას, მათ ამისთვის მერია საშუალოდ 50 000 ლარს სთავაზობს, სუბსიდირების სახით კი დევნილთა სამინისტრო დამატებით 30 000 ლარს გამოყოფს. ამ შეთავაზებას არ თანხმდება მოსახლეობა და თანხის გაზრდას ითხოვს.