საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას კიდევ ერთი უნიკალური არტეფაქტი შეემატა.
ნაპოვნია დავით აღმაშენებლის მეფობის დროს მოჭრილი მონეტა, რომელიც უკვე ეროვნულ მუზეუმშია. განსაკუთრებული ისტორიული ფასეულობის მქონე სპილენძის მონეტას თეთრიწყაროს ტყეში ძვირფასი ნივთების შეგროვება-გაყიდვით დაინტერესებულმა მოქალაქემ ლითონის დეტექტორით მიაგნო. ახლა გამოძიება უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარეობს. ცხრა საუკუნის წინანდელი მონეტის პოვნას განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან მანამდე ამ ეპოქის მსგავს მონეტას მუზეუმის დამთვალიერებელი მხოლოდ გრაფიკული გამოსახულებით ეცნობოდა.