არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ არჩევნების დაზუსტებულ შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაციის ცნობით, შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა. თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. ორგანიზაციის მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მიმდინარეობს ხარვეზის გამომწვევი მიზეზების მოკვლევა, რომელშიც ასევე ჩართულია „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობა, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
ეს თემა მეორე დღეა, განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ „სამართლიანი არჩევნებისა“ და ცესკოს მონაცემები ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია. ამასთან, პარტიაში დღეს დამატებითი განცხადების გაკეთებასაც გეგმავენ. განსხვავებულია ოპოზიციის კომენტარები. უმრავლესობის ოპონენტებს არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებებთან დაკავშირებით, არაერთი შეკითხვა აქვთ.
თამუნა წიკლაური მუშაობს თემაზე.