იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება ქვეყნის მასშტაბით გამოსახლებების შეჩერებასა და მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვს. ადვოკატების მოთხოვნაა, მევახშეებისგან დაზარალებულთა განსახლების პროცესი შეჩერდეს, ვიდრე საგამოძიებო უწყება მოკვლევას არ დაასრულებს. მათივე თქმით, ასობით მევახშის წინააღმდეგ პროკურატურას სისხლის სამართლის გამოძიება აქვს დაწყებული. იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება სტრასბურგში გასაგზავნად საქართველოს წინააღმდეგ საერთო სარჩელს ამზადებს.
შეგახსენებთ, გაერთიანება უკვე რამდენიმე თვეა ამტკიცებს, რომ მევახშეებმა ბინის მფლობელებისგან ფულის სესხების სანაცვლოდ, ბინები გადაიფორმეს და ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულება მოტყუებით დაადებინეს. ვალის დაბრუნების შეთავაზების მიუხედავად კი ისინი ბინებს ყოფილ მეპატრონეებს აღარ უბრუნებენ. აღსრულების ეროვნული ბიურო ამბობს, რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებებს შეასრულებენ, კომენტარს კი მორატორიუმის გამოცხადებასთან დაკავშირებით არ აკეთებენ.