კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესი დასრულდა

თბილისში, კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცესი დასრულებულია. აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ბინაში შესვლას დილიდან ცდილობდნენ და ეს მხოლოდ ერთი საათის წინ შეძლეს. ბინის მეპატრონესა და სამოქალაქო აქტივისტებს შესასვლელი კარი შედუღებული ჰქონდათ, რის გამოც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს კარის გაჭრა მოუწიათ. დილიდან კეკელიძის ქუჩა გადაკეტილი ჰქონდათ ოჯახის მხარდამჭერებს. აქციის მონაწილეები ადგილზე ჯერ კიდევ იმყოფებიან და აქციას მართავენ. დღის განმავლობაში კეკელიძის ქუჩაზე დაახლოებით 20-მდე მოქალაქე დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ასევე რამდენიმე მოქალაქემ აღსრულების პოლიციის ავტომობილს უროთი დაზიანებები მიაყენა, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირები დააკავეს.