იორმუღანლოში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

სოფელ იორმუღანლოს მაცხოვრებელი ნაზიმ ნაბიევის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დაკარგული მამაკაცის მოძებნაში დახმარებას მოითხოვეს. მათ დღეს საპროტესტო აქციაც გამართეს. შეკრებილების თქმით უკვე ერთი თვეა ვერ პოულობენ 42 წლის მამაკაცს. მათივე ინფორმაციით, ნაზიმ ნაბიევი 4 იანვარს, სოფელ ყარაჯალაში ნაჰრატ ყურბანოვთან შესახვედრად წავიდა. თან ჰქონდა 32 ათასი ლარი, რითაც მსხვილფეხა საქონლის შეძენას აპირებდა. ამის შემდეგ კი ის არავის უნახავს. როგორც ახლობლები ამბობენ, გაუჩინარებიდან ერთი თვე გავიდა, თუმცა პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია, ამასთან, ყურბანოვი ერთადერთია, ვისაც ნაბიევთან კონტაქტი ჰქონდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდეს.