ინფრასტრუქტურის მინისტრის ხმაურიანი მოსმენა პარლამენტში.
რიკოთის გზის პროექტის გამო ირაკლი ქარსელაძეს ოპონენტების მწვავე კრიტიკის და ბრალდებების მოსმენა მოუხდა. ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის წევრი ორი ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვებზე საპასუხოდ მივიდა. ხელისუფლების ოპონენტები ახლად გაყვანილი გზის უსაფრთხოებას და თანხების ხარჯვის გამჭვირვალობას ეჭვქვეშ აყენებენ. რიკოთის გარშემო პოლიტიკური ურთიერთბრალდებები არახალია. დაპირისპირება განსაკუთრებით თვეების წინ მეწყრის საშიშროების გამო გზის გარკვეული მონაკვეთის ჩაკეტვის გამო გამწვავდა. ორი დღის წინ გზის 27-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნამ ვნებათაღელვა კიდევ უფრო გაამძაფრა. მინისტრი ოპოზიციას მასშტაბური პროექტის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.