ქუთაისში, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით პაციენტების მიღებას ჩხობაძის სახელობის კლინიკის გარდა, რომელსაც ცხელების ცენტრის ფუნქცია აქვს მინიჭებული, კიდევ ოთხი სამედიცინო დაწესებულება შეძლებს. ამ ფუნქციას თავის თავზე კლინიკა „ბომონდი“, „ჰოსპიტალსერვისი“, რეგიონული კლინიკური საავადმყოფო და „მედიქალსითი“ აიღებენ. ფეხმძიმეებს კი, რომლებსაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ექნებათ, „ბომონდი“ მოემსახურება.
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან დღეს სავარაუდოდ ორი პაციენტი გაეწერება. ამის შესახებ პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა განუცხადა. თეიმურაზ ნადირაძის თქმით, პაციენტებს უკვე ჩაუტარდათ ტესტები და პასუხები უარყოფითია. კლინიკაში „კოვიდ-19“ დიაგნოზით 24 პაციენტია მოთავსებული, მათგან ერთი გუშინ მიიღეს. ახალგაზრდა მამაკაცს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის კარანტინიდან არის გადაყვანილი. პაციენტებს შორის ოთხი საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.