ვაქცინაციის დაწყებიდან შვიდი თვის თავზე საქართველოში მინიმუმ ერთი დოზით დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანია აცრილი. ეს წლის ბოლომდე შესასრულებელი გეგმის თითქმის ნახევარია. ეპიდემიოლოგები პირდაპირ ამბობენ, რომ ახალ წლამდე „დელტა“ შტამის წინააღმდეგ კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად საჭირო ზრდასრული მოსახლეობის 80%-ის აცრა ვერ მოხერხდება. შედარებით კარგი მაჩვენებლებია დედაქალაქში, ასევე აჭარასა და რაჭა-ლეჩხუმში. ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ვაქცინაციის გასააქტიურებლად მობილური ჯგუფების გაგზავნა იგეგმება 3 000-ზე მეტი ადამიანით დასახლებულ იმ სოფლებში, სადაც აცრის მაჩვენებლები დაბალია. გეგმაშია ოჯახის ექიმების ფინანსური წახალისებაც. კიდევ ერთი სიახლე – თვის ბოლოს საქართველოში „კოვიდ-19“-ის სამკურნალო ორი ახალი წამალი შემოვა, რომლებიც გართულებების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.