„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურისთვის ემზადება. საკითხი მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, თუმცა, ოპოზიცია ამ პროცესს მთავარი თემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს, რადგან ხელისუფლების ოპონენტების ნაწილის განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ შემდეგი მოწვევის პარლამენტში არანაირი ძალაუფლება არ ექნება. სახელისუფლებო გუნდი კი იმპიჩმენტის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილის ქმედებები განაპირობებს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ერთხელ უკვე დადასტურდა კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტარების მხარდაჭერის ხარჯზე შეინარჩუნა და ახლა მიზანია, რომ მას არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი დარჩეს.