„იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება, როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს“, – ასე ეხმაურება ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით ამერიკის გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს წერილით მიმართა.
ილია დარჩიაშვილი წერილში მიმოიხილავს სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას 2012 წლამდე და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიღწეულ პროგრესზე საუბრობს.
„აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში სასამართლოს დანაშაულებრივი სისტემის ძირითადი შემოქმედები და არქიტექტორები – მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არ იყვნენ სანქცირებული არცერთი ქვეყნის მიერ და მეტიც, სამწუხაროდ, ისინი ხელშეუხებლობის კონკრეტული გარანტიებით სარგებლობდნენ ან დღემდე სარგებლობენ.”- წერს ილია დარჩიაშვილი. როგორც მინისტრი ამბობს, რეალობის გათვალისწინებით, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა.