იდლიბის რეგიონში, თურქეთის სამხედრო უპილოტო თვითმფრინავების ავიაიერიშის დროს, სირიის სახელისუფლებო არმიის ორი გენერალი მოკლეს. თურქული მედიის ინფორმაციით, საჰაერო დარტყმების შედეგად, ორი გენერალი და ერთი პოლკოვნიკია ლიკვიდირებული.
ოპერაცია, „გაზაფხულის ფარის“ ფარგლებში, თურქეთის არმიამ სირიის არმიის 2 100-ზე მეტი სამიზნე ობიექტი გაანადგურა. თურქეთის სამხედრო ავიაციამ, ბოლო მონაცემებით, სირიის ხელისუფლების სამი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ასევე იერიში მიიტანეს ალეპოს პროვინციაში მდებარე სირიის არმიის „ალ-ნაირაბის“ სამხედრო ბაზაზე და სრულიად გაანადგურეს.
თურქეთისგან მხარდაჭერილმა ოპოზიციურმა ძალებმა, სირიის ჩრდილო-დასავლეთში ცხრა სოფელზე დაამყარეს კონტროლი. შეიარაღებული დაპირისპირების დროს, დანაკარგები აქვს თურქეთის არმიასაც. სირიის მედია წერს, რომ სირიელმა სამხედროებმა თურქეთის არმიის სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოუგდეს.
დაპირისპირების ფონზე, სირიის ხელისუფლებამ იდლიბის რეგიონში საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთში აცხადებენ, რომ სირიის საჰაერო სივრცეში თურქული საფრენი აპარატების უსაფრთხოებას ვეღარ უზრუნველყოფენ.
თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც სირიის არმიამ, იდლიბის რეგიონში, თურქული სამხედრო კოლონა დაბომბა. ინციდენტის შედეგად, 33 თურქი სამხედრო დაიღუპა, 34 კი დაიჭრა. 27 თებერვლის შემდეგ, თურქეთი იდლიბის რეგიონში ოპერაცია „გაზაფხულის ფარს“ ატარებს.