საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულის ფარგლებში, თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის იასონ ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა. იგი ცენტრალურ ბანკს 1919-1921 წლებში ხელმძღვანელობდა. იასონ ლორთქიფანიძეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ცენტრალური ბანკის ჩამოყალიბებაში, რასაც დამოუკიდებლობის წლებში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იგი იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი კომისიის წევრი და ამ კომისიის საფინანსო ნაწილის ხელმძღვანელი; სათავეში ედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას; იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთა შორის.