ბალეტი, კინო, თეატრი – ია ნინიძის მრავალფეროვანი შემოქმედებითი მოღვაწეობა ხვალ საიუბილეო საღამოზე შეჯამდება, რომელსაც რუსთაველის თეატრი უმასპინძლებს.
დებიუტი რვა წლის ასაკში და არაერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი როლი კინოში თუ სცენაზე – 55-წლიანი ისტორია მხატვრული წარმოდგენის სახით გაცოცხლდება, რომელშიც ცნობილი მსახიობის კოლეგებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ქართული კინოს გამორჩეულ სახეს კინოში 40-მდე როლი აქვს შესრულებული, რამაც ია ნინიძეს არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა, მაყურებელს კი თავი განსაკუთრებულად შეაყვარა. კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მსახიობს ხვალ, შემოქმედებითი საღამოს დაწყებამდე, კინო „რუსთაველის“ წინ ვარსკვლავს გაუხსნიან.