კვლავ მწვავე პოლიტიკური შეფასებების საგანია ჰელსინკის კომისიის ის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ქოლცენტრებიდან მიღებული თანხების ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენებაში ადანაშაულებს. ამ შინაარსის განცხადება ჰელსინკის კომისიამ სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, მკაცრი ზომები მიიღოს იმ ქოლცენტრების წინააღმდეგ, რომლებიც ასპონსორებენ „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ კამპანიას.
ჰელსინკის კომისიის ბრალდებებზე მწვავე შეფასებები კეთდება ხელისუფლებაში. მმართველი გუნდი აღნიშნულ განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს. ამასთან, ისინი საზოგადოებას ევროპელ სამართალდამცველებთან ერთად, ქოლცენტრების წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს ახსენებენ და განმარტავენ, რომ ეს არის მცდელობა, დავით კეზერაშვილის დანაშაულები „ქართულ ოცნებას“ გადმოაბრალონ. ხელისუფლების ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ ჰელსინკის კომისიამ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ბრალეულობა ქოლცენტრების საქმეში.