გურამ შარაძის მკვლელობის საქმე

რუსუდან შარაძე მამის, გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიებისათვის ხელის შეშლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს. იგი აცხადებს, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში არსებობს მოწმე, რომელსაც აქვს მტკიცებულებები. მისი თქმით, სწორედ ეს მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მკვლელობა მიხეილ სააკაშვილისა და დათა ახალაიას შეკვეთით მოხდა.

გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 2017 წელს დატოვა. აკადემიკოსი და პარლამენტარი 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. საქართველოს მთავარ პროკურატურაში „პირველ არხს“ განუცხადეს, რომ ამ საქმის ხელახალი გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, რის შესახებაც ოჯახი ინფორმირებულია. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტ დეტალს ამ ეტაპზე ვერ გაასაჯაროებენ.