გუდაურში დაშავებულებიდან თბილისის კლინიკებში მკურნალობას, ამ დროისთვის, 6 პაციენტი განაგრძობს

გუდაურში დაშავებული ტურისტებიდან თბილისის ორ კლინიკაში მკურნალობას, ამ დროისათვის 6 პაციენტი განაგრძობს. მათ შორის შვედი ტურისტია, რომელიც ორსულად არის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სამედიცინო დაწესებულებიდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.

შედარებით რთულია უკრაინელი ტურისტის შემთხვევა. 30 წლამდე ქალბატონი კლინიკაში მოტეხილობებით მიიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ხერხემალზე ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, ჯერჯერობით, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ღუდუშაურის კლინიკაში ამ დროისათვის სულ 5 პაციენტია, მათგან 4 საავადმყოფოს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გუდაურში დაშავებულების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. გიორგი ჩოგოვაძის თქმით, დაზარალებულები და მათი თანმხლები პირები ტურიზმის ადმინისტრაციამ  კვებით, სასტუმროთი და ავიაბილეთებით უზრუნველყო.

ხარჯებს მთის კურორტების კომპანია დაფარავს. გუდაურში დაშავებულები მოინახულეს დღეს ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრებმა.