გიორგი ჭანტურია, რომელიც ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით იყო დაკავებული, სამართალდამცველებს ადანაშაულებს
გიორგი ჭანტურია, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე მოკლული ყოფილი დეპუტატის, გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით იყო დაკავებული, სამართალდამცველებს თვალთვალში ადანაშაულებს და შესაბამის უწყებაში საჩივრის შეტანას არ გამორიცხავს. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გიორგი ჭანტურიას დის, მარიამ ჭანტურიას ავტომობილიდან სამართალდამცველებმა ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერის აპარატურა ამოიღეს.
შსს-ს განმარტებით, მარიამ ჭანტურიას ავტომობილში ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა სასამართლოს განჩინების საფუძველზე განხორციელდა. გიორგი ჭანტურია სოსო ქუთათელაძის საქმეზე ბრალის წარდგენის გარეშე, 18 იანვარს გათავისუფლდა.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლული იპოვეს. მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.