გერმანიის საელჩოს განცხადება და გამოხმაურებები

ბერლინის კედლის ნგრევის 35 წლისთავზე გერმანიის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. ოპოზიცია თვლის, რომ საელჩოს მიერ გავრცელებული ტექსტი დღევანდელ საქართველოში არსებულ ვითარებას ეხმაურება. იუსტიციის მინისტრი კი ოპონენტების ამ განცხადებას ისტორიის არცოდნით ხსნის. რატი ბრეგაძის თქმით, გერმანიაში 9 ნოემბერი დიდი დღეა და საელჩოს განცხადება უბრალოდ ამ მოვლენებს უკავშირდება.

აზრთა სხვადასხვაობა გერმანიის ელჩის განცხადების იმ ნაწილმა გამოიწვა, სადაც დიპლომატი ამბობს, რომ მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, ბერლინის კედლის დაცემა კი ამის მაგალითია. მისივე თქმით, ათწლეულების განმავლობაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაკეტილი ჰყავდა მოქალაქეები ჩაგვრისა და ძალადობის სისტემაში. „თავისუფლება თავისთავად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ,“ – დაწერა ელჩმა.