დივერსია თუ შემთხვევით მომხდარი ავარია – ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ ორი მილსადენი ერთდროულად დაზიანდა და შედეგად ბუნებრივი აირი ჟონავს.
ამ დროისთვის ევროპის ქვეყნებთან დამაკავშირებელი რუსული მილსადენის არც ერთი ხაზი არ ფუნქციონირებს. გამოძიება დაიწყო. ევროკავშირის წევრი ქვეყნები განზრახ მოქმედებაზე საუბრობენ და დივერსიულ აქტში რუსეთს ადანაშაულებენ. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების და საერთაშორისო სანქციების შემდეგ რუსეთი ენერგეტიკულ რესურსებს შანტაჟის იარაღად იყენებს. ბალტიის ზღვაში გამავალ გაზსადენებზე მომხდარ დაზიანებებთან კავშირს მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს და თავს პირიქით დაზარალებულად მიიჩნევს.