წინა კვირის საპროტესტო მღელვარების და ხელისუფლების მიერ უკან გაწვეული კანონპროექტების შეფასება პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ თემად რჩება.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე 7-8-9 მარტის მოვლენების მთავარ მიზნად ცალკეული ოპოზიციური ძალების მხრიდან დაგეგმილ დესტაბილიზაციას და არეულობას ასახელებს და ამ გეგმების ნაწილად მიიჩნევს ძალადობრივ ქმედებებს, რომლებშიც ოთხ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად ახალგაზრდულ ექსტრემისტულ ორგანიზაციებს ადანაშაულებს. „ხალხის ძალის“ კანონპროექტების გაწვევის და მათ სამომავლო განხილვაზე საბოლოო უარის თქმის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ლიდერები უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის საჭიროების მიმართ პოზიციას არ ცვლიან. საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად იშველიებენ გამოცემა „პოლიტიკოს“ მიერ სამ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომლის მიხედვით ევროკავშირში მზადდება ინიციატივა, რომელიც არასამთავრობო სექტორს და საკონსულტაციო კომპანიებს ევროკავშირის გარედან მიღებული დაფინანსების გასაჯაროებას დაავალდებულებს. სტატიაში ნახსენებია ანალოგიური კანონპროექტის გამო საქართველოში წინა კვირას განვითარებული მოვლენებიც.