საქართველო „კოვიდ-19“-ის მეოთხე ტალღის პიკშია. ინფიცირებულთა აქტიური შემთხვევების რაოდენობა 31 ათასს აჭარბებს. ვითარებას ართულებს „დელტა“ შტამი, რომელსაც სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით, ბევრად მძიმე მიმდინარეობა და მარტივი გადამდებლობა ახასიათებს. ჯანდაცვის სისტემის მთავარი გამოწვევა ახლა საწოლფონდია. ქვეყნის მასშტაბით მობილიზებული 6800 საწოლიდან უმეტესობა დაკავებულია. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დამატებითი საწოლების მობილიზებაზე. თუ უახლოეს მომავალში ვირუსის გავრცელების ტემპი არ დაიკლებს და კლინიკების დატვირთვა გაიზრდება, ინფექციონისტები არ გამორიცხავენ მთავრობას შეზღუდვების შემოღების მოთხოვნით მიმართონ. შექმნილ მძიმე ვითარებაში, როგორც ეპიდემიოლოგები ისე მთავრობის წევრები გამოსავალს ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებაში ხედავენ და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებენ. ისევ ორნიშნაა გარდაცვლილთა რაოდენობაც. ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 23 ადამიანი ემსხვერპლა.