საქართველოში ახალი კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.
გარდაცვლილი პაციენტი 45 წლის ქალია. ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში იყო მოთავსებული. სამხედრო ჰოსპიტალის ინფორმაციით, „კოვიდ19“-ით ინფიცირებული პაციენტი თანმხლები მძიმე დაავადებების შედეგად გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულებაში ის 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადმოიყვანეს. პაციენტს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები: არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. დაბურული მინის ტიპით. მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში. მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც ის მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით, თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადების გართულებით, ექიმების მცდელობისა და ძალისხმევის მიუხედავად, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,- აღნიშნულია გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.