განზრახ მკვლელობის საქმე

ახალი გარემოებები ხდება ცნობილი სადისტური მკვლელობის საქმიდან, რომელშიც მოქმედი და ყოფილი პოლიციელები ფიგურირებენ.

დანაშაულის დეტალებზე სამართალდამცავები მათ მიერ მიცემულ ჩვენებებში საუბრობენ. დაკითხვის ოქმებში აღწერილია, თუ როგორ დაიგეგმა 35 წლის დავით მუმლაძის გატაცება და რა იყო დანაშაულის მოტივი.

მოქმედი და ყოფილი პოლიციელების ჩვენებების მიხედვით, მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდნენ და მსხვერპლის მხოლოდ დასჯაზე იყვნენ ინფორმირებული, რისთვისაც ის თბილისიდან რუსთავში მოტყუებით და ძალის გამოყენებით ჩაიყვანეს და მკვლელობაში ბრალდებულ პირებს გადასცეს. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში კი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მტკვარმა გამორიყა.

როგორც ირკვევა, დანაშაულის ფიგურანტებმა მკვლელობის ჩამდენებისგან თანხაც აიღეს.