ცნობილ კინომსახიობს, მომღერალსა და სახალხო არტისტს, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს დღეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამ წუთებში სრულდება თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზში სამოქალაქო პანაშვიდი, რის შემდეგაც, სცენას ბუბა კიკაბიძის მეგობრები და კოლეგები დაიკავებენ. ისინი ცნობილ კინომსახიობს და მომღერალს გაიხსენებენ და გამოემშვიდობებიან. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ესწრება უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი, ალექსანდრ ტკაჩენკო, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას წაიკითხავს. დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან უამრავი ხალხია შეკრებილი, რომლებიც ბუბა კიკაბიძეს ემშვიდობებიან. მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდზე დილიდან მიდიან მსახიობის კოლეგები, მეგობრები, პოლიტიკოსები, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. გამოსამშვიდობებელი ცერემონიის შემდეგ, ბუბა კიკაბიძეს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ და საკუთარი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ. მომღერალი, კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაიცვალა. 2 დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა, გუშინ ღამით კი თბილისის საკონცერტო დარბაზში გადაასვენეს.
ბუბა კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე. 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში – უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. მღეროდა ანსამბლებში – „დიელო“, „რერო“. 1967 წლიდან იყო ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. შესრულებული აქვს როლები ფილმებში – გია („შეხვედრა მთაში“) ბენჟამენ ღლონტი („არ დაიდარდო“) გიორგი მიქელაძე („მე, გამომძიებელი“) პავლე („ვერის უბნის მელოდიები“ ) ვალიკო მიზანდარი („მიმინო“) მუსიკოსი („იცოცხლე, გენაცვალე“) და სხვა. იყო დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმებისა – „იცოცხლე, გენაცვალე“, „მამაკაცები და სხვები”. საერთაშორისო კინოფესტივალზე „კარტახანი-70“ მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „არ დაიდარდო“, სახელმწიფო პრემია ფილმში „მიმინო“. 2020 წელს იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.