ცნობილ კინომსახიობს, მომღერალსა და სახალხო არტისტს, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს საკუთარი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ. ის რამდენიმე წუთის წინ გამოასვენეს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი და გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა. ფილარმონიის სცენაზე ბუბა კიკაბიძის მეგობრები და კოლეგები სიტყვით გამოვიდნენ და სახალხო არტისტი გაიხსენეს. გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ესწრებოდა უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდრ ტკაჩენკო, რომელმაც სცენაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება წაიკითხა. მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდზე დილიდან იმყოფებოდნენ მისი კოლეგები, მეგობრები, პოლიტიკოსები, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და რიგითი მოქალაქეები. მომღერალი, კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაიცვალა.