გამოკითხვა გურამ კაშიას მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე

თითქმის სამი საათი გრძელდებოდა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში კონსტანტინე მორგოშიას გამოკითხვა. პატრიოტთა ალიანსისა და ქართული მარშის წევრი სამართალდამცავებმა გურამ კაშიას მისამართით შესაძლო მუქარის ფაქტზე დაკითხეს. საქმე სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას ეხება. მორგოშიამ კაშიას მიმსამართით უკმაყოფილება გასულ წელს ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ  ინიცირებულ აქციაში მონაწილეობის გამო დააფიქსირა. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი მოედანზე ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლავურით გამოვიდა. ახალი კომენტარი კი მორგოშიამ კაშიასთვის უეფას მიერ დაწესებული ჯილდოს გადაცემაზე დაწერა.

ევროპულ ფეხბურთში ჩართულობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციისთვის,  გურამ კაშიას ჯილდოს ოფიციალურად ხვალ მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე გადასცემენ. კონსტანტინე მორგოშიას მხარდასაჭერად პოლიციის სამმართველოსთან გია კორკოტაშვილი და სანდრო ბრეგაძე მივიდნენ და მასშტაბური აქცია დააანონსეს.