ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი

უეფა-ს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს. ოფიციალურ წერილში, რომელიც ირაკლი კობახიძემ ალექსანდერ ჩეფერინისგან მიიღო, ვკითხულობთ:

„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, უეფა-ს სახელით მოგიწვიოთ „ევრო 2024“ ჩემპიონატზე დასასწრებად უეფა-ს ვიპ პროგრამის ფარგლებში. ტურნირი, რომელიც გამოავლენს ევროპის მე-17 ჩემპიონ გუნდს, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე ათ მასპინძელ ქალაქში გაიმართება. მას დაესწრებიან ფეხბურთის მოყვარულები მთელი ევროპიდან. უეფა-ს ევროპის ტურნირი ყოველთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ჩემპიონატს – ეს არის მაღალი კლასის გუნდური თამაშისა და ფეხბურთის გამაერთიანებელი ძალის ზეიმი. თქვენი დასწრება საქართველოს მიერ გამართულ მატჩებზე იქნება ამ ღირებულებების მიმართ თქვენი ერთგულებისა და ჩვენი საერთო რწმენის დადასტურება, რომელიც ასახულია ტურნირის დევიზში: „ერთიანობა ფეხბურთში. ერთიანობა ევროპის გულში“. მოუთმენლად ველი გერმანიაში თქვენი მასპინძლობის შესაძლებლობას. ვიმედოვნებ, ერთად გავხდებით ამ ისტორიული მოვლენის მოწმენი“, – აღნიშნულია უეფას პრეზიდენტის ოფიციალურ მოსაწვევში.