გრიფით საიდუმლო საქმეზე ახალი გარემოებები ირკვევა.
გამოძიება ამ დრომდე დუმს, თუმცა გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი იმ ადამიანების ადვოკატებისგან, რომლებსაც სუს-ი გამოკითხვებზე იბარებს. საუბარია სახელმწიფო გადატრიალების მიზნით საქართველოში ტერორისტული აქტის მომზადების გეგმაზე. გავრცელებული ინფორმაციით, სამიზნეები მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები არიან. გაჟღერდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახელიც. ადამიანები, რომლებიც გამომძიებლების და მაგისტრი მოსამართლეების წინაშე მოწმის სტატუსით გამოიკითხნენ, ძირითადად უკრაინაში მებრძოლი ქართველები არიან. როგორც გამოკითხულთა უფლებადამცველების კომენტარებიდან ირკვევა, კითხვები უკრაინაში ყოფილ ქართველ მაღალჩინოსნებთან მათ კავშირებსაც ეხება. ადვოკატები მტკიცებულებების არ არსებობაზე მიუთითებენ და რეზონანსული საქმის აღძვრას წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებენ. საქმე, რომელიც ტერორიზმის და შეთქმულების მუხლით რამდენიმე დღის წინ აღიძრა, განხილვის მთავარი თემა ხდება პოლიტიკურ წრეებში. ძიების მსვლელობისას მმართველი გუნდი რამდენიმე საეჭვო ფაქტორზე მიუთითებს.