პოლიციამ, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სამი პირი დააკავა. მათგან ორი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროსადგურ „სამედიცინო უნივერსიტეტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის მუქარით, ახალგაზრდა მამაკაცს და მის მეგობარს თანხა წაართვეს და გააფრთხილეს, რომ თუ პოლიციას მიმართავდნენ, ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ.
მოგვიანებით, ერთ-ერთმა დაზარალებულმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მომხდარ ფაქტზე ისაუბრა და ორი თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოახდინა, რის შემდეგაც პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული რამდენიმე საათში დააკავა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.