„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო სექტორს ამ დრომდე არ გაუგზავნია – ინფორმაციას „პრაიმ თაიმი“ ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, ეს ინფორმაცია რამდენიმე წყაროსთან გადამოწმების შედეგად გაარკვიეს.
თავად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში საპირისპიროს ამტკიცებენ. ასოციაციამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ საჩივარი 2024 წლის 17 ოქტომბერს გაიგზავნა. გამოქვეყნებულ პოსტს თან ერთვის გადამზიდი კომპანიის მიერ მოწოდებული დოკუმენტი, რომელიც ასოციაციის განცხადებით, ადასტურებს, რომ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბერს ჩაბარდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის რეგისტრაციის პროცედურები, რომელიც საქმის მოცულობის გათვალისწინებით, გარკვეულ დროს მოითხოვს. „ქართულ ოცნებაში“ კი ფიქრობენ, რომ სტრასბურგის სასამართლო არგუმენტაციის არარსებობის გამო, სარჩელს წარმოებაში არ მიიღებს.