გაფიცვის მე-7 დღე ჭიათურაში. ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში სამუშაო პროცესი კვლავ პარალიზებულია.
შეკრებილები მოთხოვნების შეუსრულებლობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ისინი არ ეთანხმებიან შეთავაზებას, რომლის მიხედვით ხელფასები ჯერ 10, შემდეგ კი 15%-ით გაიზრდება. მინიმალური მოთხოვნაა ხელფასის 30%-ით მომატება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიცვა გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
პროტესტის ნიშნად 15-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. ერთ-ერთმა მაღაროელმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა.