გაფიცვა ოპერისა და ბალეტის თეატრში

ოპერისა და ბალეტის თეატრის სასცენო მიმართულების თანამშრომლების ნაწილი მესამე დღეა აქციას მართავს. მათ დღეს სოლიდარობა გამოუცხადეს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირებმა, პროფკავშირებმა „სოლიდარობის ქსელი“, ასევე პროფკავშირების ახალმა გაერთიანებამ და პროფკავშირმა „გილდია“. პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამუშაო საათების გაზრდის მიუხედავად, თანამშრომელთა ანაზღაურება არ შეცვლილა და დღემდე მიზერულია. დასაქმებულები ხელფასების 100% -ით ზრდას და ორი გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენას მოითხოვენ.

გაფიცული თანამშრომლების საპასუხოდ, დღეს განცხადება გამოაქვეყნა ოპერის ადმინისტრაციამ, სადაც წერია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია თანამშრომელთა სამუშაო პირობების და ანაზღაურების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ადმინისტრაცია იუწყება, რომ თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირების მინიმალური შრომის ანაზღაურება 650, ხოლო მაქსიმალური 1 350 ლარია. ამასთანავე, დასაქმებულებზე ყოველთვიურად გაიცემა სახელფასო დანამატები. გარდა ამისა, 2024 წლის პირველი იანვრიდან, თეატრის სცენის სამსახურის თანამშრომლებს ეზრდებათ შრომის ანაზღაურება 35-40%-ით, რაც დამტკიცებულია კულტურის სამინისტროს მიერ, 2023 წლის 18 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით. რაც შეეხება ორ ყოფილ თანამშრომელს, ოპერის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისინი თეატრში დასაქმებულები იყვნენ 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით, რომელთაც შრომითი ურთიერთობა შეუწყდათ ამ ვადის ამოწურვამდე. თეატრის 21 თანამშრომლის გაფიცვის მიუხედავად, სცენის სამსახურის სხვა თანამშრომლები განაგრძობენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და თეატრის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება, – ვკითხულობთ განცხადებაში.