მორიგი დაპირისპირება სახელისუფლებო შტოებს შორის ჩაშლილი საერთაშორისო ვიზიტის გამო.
პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაგეგმილი ვიზიტის გადადებას მთავრობას აბრალებს. ჯერ კიდევ 31 მარტს საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადების მიხედვით, 18 აპრილს სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში, ევროპარლამენტარების წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო, იგეგმებოდა შეხვედრებიც. თუმცა, გუშინ სახელმწიფოს მეთაურმა ვიზიტი გადადებულად გამოაცხადა და მიზეზად მთავრობის ადმინისტრაციიდან თანხმობის პროცესის გაჭიანურება დაასახელა. ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს მთავრობა, მეტი დამაჯერებლობისთვის ადმინისტრაცია პრემიერის თანხმობის დამადასტურებელ განკარგულებასაც აქვეყნებს, რომელიც გუშინდელი დღით თარიღდება. ირკვევა ისიც, რომ პრეზიდენტი სტრასბურგში გამგზავრებას ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებთან ერთად აპირებდა.
ეს უცხოეთში დაგეგმილი ვიზიტების გამო უთანხმოების პირველი შემთხვევა არ არის. მთავრობა ევროპის ქვეყნებში უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დაგეგმილი შეხვედრების გაუქმებაში სალომე ზურაბიშვილმა ერთი წლის წინაც დაადანაშაულა.