ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით მასწავლებლების რეგისტრაციის I ეტაპი დასრულდა
ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა. როგორც საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძე განაცხადა, ამ ეტაპზე რეგისტრირებულია 6000-მდე პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგი. მისივე თქმით, პედაგოგები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისშივე მიიღებენ. ამასთან, მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი. საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი წლის ბოლოს განხორციელდება.