„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის განცხადებით, გრძელდება ხელმოწერების შეგროვება, რათა პროკურატურამ გამოიძიოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და პარლამენტში შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისია. როგორც ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, მათ მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიდან, ნახევარ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა უმრავლესობას ეს საკითხი არც კი განუხილავს. ინჯიას თქმით, 2008 წლის ომისთვის საფუძვლიანად მომზადება სააკაშვილის რეჟიმმა 2007 წლიდან დაიწყო. „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე 2008 წლის აგვისტოს ომში ამერიკის ინტერესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ომის დაწყებით პერსონალურად იყო დაინტერესებული ჯონ მაკკეინი, რომელმაც 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანია რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე ააგო. მისივე თქმით, 2008 წლის ომმა პირველად გააჩინა ბზარი ევროპასა და რუსეთს შორის, ახლა კი ეს უკრაინის ომიდან გამომდინარე გრძელდება.