პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო – ამ ეტაპზე მმართველ პარტიას საკმარისი მხარდამჭერი არ ჰყავს.  უკვე ცნობილია, რომ უმრავლესობის პოზიციას „ხალხის ძალისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები იზიარებენ, თუმცა, ხმათა საჭირო რაოდენობა მაინც ვერ გროვდება. „ქართული ოცნების“ ამ წინადადების მხარდაჭერას არ აპირებს ოპოზიციის დიდი ნაწილი. თუმცა, „გირჩში“ არ გამორიცხეს, რომ შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკითხი მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად გამოიყენოს და თემა ვაჭრობის საგნად იქცეს.

 კომენტარი თემაზე „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ გააკეთა – პარტიაში ამბობენ, რომ ოლიგარქის კარის თამაშებში მონაწილეობას არ აპირებენ. თუმცა, ამასთან აცხადებენ, რომ თუ სალომე ზურაბიშვილს  ნამდვილად სურს, გამოიყენოს თავისი შესაძლებლობა, რომელიც ევროინტეგრაციას შეუწყობს ხელს, მაშინ მან მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს.