Freedom House-ი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით დაშვებულ შეცდომას აღიარებს
საერთაშორისო ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით დაშვებულ შეცდომას აღიარებს.
გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ვასილ მაღლაფერიძის დირექტორად არჩევნის შემდეგ სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა და დაიხურა მეორე არხი, რომელიც საპარლამენტო სხდომების ტრანსლირებას უზრუნველყოფდა. ეს შეცდომა ორგანიზაციამ გაასწორა.
აღნიშნული ანგარიშის წინა ვერსიაში არასწორად იყო ნათქვამი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი დაიხურა, არხი ამ დრომდე ოპერირებს, თუმცა მისი კონტენტი შემცირებულია, – აღნიშნულია ფრიდომ ჰაუსის შესწორებაში, რომელიც ორგანიზაციამ დოკუმენტში 13 აპრილს შეიტანა.
მეორე არხის დახურვის შესახებ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია ამოღებულია ანგარიშის იმ ნაწილიდანაც, რომელშიც ფრიდომ ჰაუსი მედიათავისუფლების მდგომარეობას აფასებს.
მანამდე, ანგარიშში მეორე არხის დახურვის შესახებ გაკეთებულ ჩანაწერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ უხეში ფაქტობრივი შეცდომა უწოდა.