Freedom House-ის მორიგი ანგარიში.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს, დემოკრატიული პროგრესის რეიტინგში 4,68 ქულა აქვს. წინა ანგარიშში საქართველოს 4.61 ქულა ჰქონდა. შესაბამისად, რეიტინგი 0,07-ით გაუარესდა.
შეფასება 7-ქულიანი სისტემით ხდება, სადაც ერთი საუკეთესო, შვიდი კი დაბალი მაჩვენებელია.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს აქვს ძლიერი ანტიკორუფციული კანონმდებლობა, თუმცა, როგორც წინა წლებში, კანონის აღსრულება 2017 წელსაც ხშირად პრობლემური იყო, უმეტესად სასამართლოს, ასევე პროკურორის ოფისის და კანონის აღსრულების სააგენტოებში დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის ნაკლებობის გამო. მიუხედავად ამისა, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში, გარდა ბალტიის ქვეყნებისა, ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყანად რჩება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წელს, რამდენიმე სადავო შემთხვევამ გააჩინა ეჭვები სახელმწიფო ორგანოებზე ივანიშვილის გავლენის შესახებ.
კვლევაში ნახსენებია, რომ ოქტომბერში, თბილისის მერიამ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას სიმბოლურად 1 ლარად გადასცა 19 000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი.