წინა ხელისუფლების დროს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ და წლების შემდეგ გამართლებულ ფოტოგრაფებს, პროკურატურამ მორალური ზიანისთვის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, – ასეთია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც დაზარალებულთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 12 წლის წინ, მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულებმა აღიარებითი ჩვენებები მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შედეგად მისცეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რეზონანსულ საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო და დადგინდა, რომ ჯაშუშობის ბრალდება გამოგონილი, დაკავების რეალური მიზეზი კი, 2011 წლის 26 მაისს აქციის გაშუქება და დარბევის ამსახველი ფოტოები იყო, რომლებიც აქტიურად გავრცელდა საერთაშორისო პრესაშიც. შედეგად, წლების წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გაუქმდა და ფოტოგრაფები სრულად გამართლდნენ.