გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე

ამბავი, რომელმაც მთელი პირველი არხი და არამარტო პირველი არხის თანამშრომლები შეძრა. გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე.

ზურა ბოლო ხუთი წელი პირველი არხის ფოტორეპორტიორი იყო. პირველი არხის არქივს მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი მისი არაერთი ფოტო დარჩა. თითქმის ყველგან, ცხელ წერტილში, ზურა თავისი ფოტო-ობიექტივით ეპიცენტრში იყო. იგი პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე, მშვიდი, პროფესიისთვის თავდადებული ადამიანი იყო. ზურა პარალელურად მუშაობდა ევროპული პრესის საერთაშორისო სააგენტო „ეპაში“. აშუქებდა მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მას გაშუქებული აქვს 2008 წლის აგვისტოს ომი, რუსეთ-უკრაინის ომი, ევრომაიდნის მოვლენები, ბესლანის ტერაქტი და სხვა.

ზურაბ ქურციკიძე ერთ-ერთი იყო იმ ფოტოგრაფებიდან, რომლებიც 2011 წლის 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ქურციკიძემ მაშინ ბრალი აღიარა, როგორც შემდეგ თქვა ზეწოლის შედეგად. მან უდანაშაულობის დასამტკიცებლად წლები იბრძოლა. საბოლოოდ სასამართლომ დაადასტურა, რომ ქურციკიძე და სხვა ფოტოგრაფები უდანაშაულოები იყვნენ და გაყალბებული საქმის გამო პროკურატურას კომპენსაციის გადახდაც დაეკისრა. როგორც ფოტორეპორტიორები ამბობდნენ, მათი დაკავების მოტივაცია 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის და მაშინდელი მოვლენების ამსახველი ფოტოების საერთაშორისო სააგენტოებში გავრცელება იყო.

ზურაბ ქურციკიძემ ფოტორეპორტიორობა 1999 წელს გაზეთ „რეზონანსში“ დაიწყო, 2001 წლიდან კი გაზეთ „ახალ ვერსიაში“ გადავიდა.

„მოამბის“ გუნდის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ და თანავუგრძნობთ ზურაბის ოჯახს და მეგობრებს.