გარდაიცვალა პირველი არხის ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე

ამბავი, რომელმაც მთელი პირველი არხი და არამარტო ჩვენი არხის თანამშრომლები დაგვამწუხრა. გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე. ის პირველი არხზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა. მაუწყებლის არქივს ზურას მიერ გადაღებული, მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი არაერთი ფოტო დარჩა. თითქმის ყველგან, ცხელ წერტილში, ზურა თავისი ფოტო-ობიექტივით ეპიცენტრში მუშაობდა. იგი პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე, მშვიდი, პროფესიისთვის თავდადებული ადამიანი იყო. აშუქებდა მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გაშუქებული აქვს 2008 წლის აგვისტოს ომი, რუსეთ-უკრაინის ომი, ევრომაიდნის მოვლენები, ბესლანის ტერაქტი და სხვა.

ზურაბ ქურციკიძე ერთ-ერთი იყო იმ ფოტოგრაფებიდან, რომლებიც 2011 წლის 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ქურციკიძემ მაშინ ბრალი აღიარა, – როგორც შემდეგ თქვა ზეწოლის შედეგად. მან უდანაშაულობის დასამტკიცებლად წლების განმავლობაში იბრძოლა. საბოლოოდ სასამართლომ დაადასტურა, რომ ქურციკიძე და სხვა ფოტოგრაფები უდანაშაულოები იყვნენ და გაყალბებული საქმის გამო პროკურატურას კომპენსაციის გადახდაც დაეკისრა. როგორც ფოტორეპორტიორები ამბობდნენ, მათი დაკავების მოტივაცია 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის და მაშინდელი მოვლენების ამსახველი ფოტოების საერთაშორისო სააგენტოებში გავრცელება იყო.

ზურაბ ქურციკიძემ ფოტორეპორტიორობა 1999 წელს გაზეთ „რეზონანსში“ დაიწყო, 2001 წლიდან კი გაზეთ „ახალ ვერსიაში“ გადავიდა. პარალელურად მუშაობდა ევროპული პრესის საერთაშორისო სააგენტო „ეპაში“.

„მოამბის“ გუნდის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ და თანავუგრძნობთ ზურას ოჯახს და მეგობრებსა და კოლეგებს.