საკუთარი თვალით თუ არ გინახავთ, ის მძიმე კადრები მაინც გემახსოვრებათ, თუ როგორ იღებდნენ შტურმით, სპეცრაზმის დახმარებით შენობებს, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ.
შენობებს გასაყიდად, დევნილებს კი გადასახლებისთვის ამზადებდნენ.
2010 წელს, თბილისის ცენტრალურ უბნებში მცხოვრები 250 დევნილი სამართალდამცველებმა გამთენიისას, ძალის გამოყენებით ავტობუსებში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. შვიდსაათიანი მგზავრობის შემდეგ, ისინი აფხაზეთის ადმინისტრაციულ ზოლთან ახლოს აღმოჩნდნენ – მიუვალ ფოცხოეწერში. მაშინ გაჩნდა ტერმინი – საკუთარ ქვეყანაში ორჯერ დევნილი. სწორედ ამ ადამიანებზე გიამბობთ თამარ ცხომარია, რომელმაც მათთან ერთად რამდენიმე დღე გაატარა.