„კრედიტ სუისი“ ფინანსების გასამყარებლად შვეიცარიის ცენტრალური ბანკისგან 50 მილიარდ ფრანკს სესხად აიღებს. როგორც ფინანსურ ორგანიზაციაში განმარტავენ, ეს იმის დემონსტრირებაა, რომ ბანკის გასაძლიერებლად გადამწყვეტ ზომებს იღებენ. „კრედიტ სუისის“ აქციები გუშინ 24%-ით დაეცა, მას შემდეგ, რაც ფინანსურ ანგარიშებში „სისუსტე“ აღმოაჩინეს. ამან ევროპულ ბაზრებზე უფრო ფართო ფინანსური კრიზისის განვითარების შიში გამოიწვია. აქციების ფასის დაცემის შემდეგ, უმსხვილესმა ინვესტორმა, საუდის ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ შვეიცარიულ კრედიტორში დამატებითი ფინანსებს აღარ ჩადებს. საბანკო სექტორში პრობლემები გასულ კვირას აშშ-ში დაიწყო, როდესაც ქვეყნის სიდიდით მე-16 „სილიკონ ველის ბანკი“ გაკოტრდა, ორი დღის შემდეგ კი მას „სიგნეიჩა ბანკი“ მოჰყვა.