მწვავე კითხვების მოსმენა მოუხდა დღეს პარლამენტში მისულ ფინანსთა მინისტრს.
ლაშა ხუციშვილი მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატების წინაშე პირველად წარსდგა. ოპონენტებმა მთავრობის წევრს ყველაზე მეტი შეკითხვა მკვეთრად გაზრდილ საგარეო ვალზე და იმ ხარჯებზე დაუსვეს, რომელიც ქვეყანამ პანდემიის დროს გაწია. რას მოხმარდა „სტოპ კოვ ფონდში“ ჩარიცხული მილიონები, რას აკეთებს ქვეყანა საგარეო ვალის შესამცირებლად, რაში გამოიყენა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული თანხები – ძირითადად ეს საკითხები იყო ყველაზე დიდი ინტერესის საგანი. ფინანსთა მინისტრი პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური მაჩვენებლების კიდევ უფრო გაუმჯობესებას პროგნოზირებს, ტურიზმის ნელ-ნელა აღდგენის და სხვადასხვა სფეროში ბოლო პერიოდში დაფიქსირებული მონაცემებიდან გამომდინარე წლევანდელ ბიუჯეტში ცვლილებებიც დაანონსდა.