დღეს, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი აღინიშნება. თარიღის აღსანიშნად ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში დილიდან შეიკრიბნენ. ადგილზე პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები იმყოფებოდნენ და ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა საქართველოზე უმძიმესი კვალი დატოვა – ჩვენმა ქვეყანამ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა. საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 74 ვეტერანი ცხოვრობს.