კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო. საკითხი ეხება ბოლო პერიოდში ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას.
მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებასა და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს გულისხმობს. კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების დადგენის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს ჯარიმას, დამრღვევი ეკონომიკური აგენტის წინა ფინანსური წლის ბრუნვის 5%-მდე ოდენობით.
შეგახსენებთ, 2022 წელს, ფარმაცევტულ ბაზარზე წარმოებული მონიტორინგის ფარგლებში, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სააგენტომ 13 რეკომენდაცია გასცა. აღსრულების პროცესი მიმდინარე რეჟიმშია, საიდანაც სრულად ან ნაწილობრივ შვიდი რეკომენდაცია შესრულდა. ამავე პერიოდში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთიდან მედიკამენტების პარალელური იმპორტის მექანიზმი ამოქმედდა.